კონსპირაციული თეორიები საეკლესიო ჟურნალ - გაზეთებში

ზუკა ჟორჟოლიანი-ფაუნდეს
"მითების დეტექტორის ლაბორატორია"
Accio, Aparecium, Alohomora - ეს ის სიტყვებია, რომელთანაც მთელი ჩემი ბავშვობა ასოცირდება და დაკავშირებულია ჯ. როულინგის „ჰარი პოტერთან." კარგად მახსოვს, როგორ წარმოვიდგენდი თავს „ჰარი პოტერის" გმირად და ნაჩუქარი ჯოხით, გავყვიროდი შელოცვებს ნაწარმოებიდან.

ცოტა ხნის წინ, როდესაც კიდევ ერთხელ ავკრიფე ონლაინ საძიებო ველში „ჰარი პოტერი", გადავაწყდი სტატიას სათაურით: „ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა" ჰარი პოტერიანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში".

სტატია ვებ-გვერდზე www.orthodoxy.ge არის გამოქვეყნებული, ავტორი - ნანა ბოკუჩავა და წყაროდ მითითებულია გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", №47-51, 2003 წელი, №1, 5, 2004 წელი.

წინასიტყვაობაში მითითებულია, რომ გაზეთმა „საპატრიარქოს უწყებანი" ავტორს დაავალა ნაწარმოების შესწავლა და დასკვნების გამოტანა. აქვე არის განმარტებაც: "დასკვნები კი ყველაზე სევდიანია და უნებლიედ გვაგონებს ზოგიერთი თანამედროვე ოკულტისტის დანაქადებს, რომ XXI საუკუნე იქნება ადამიანის დაფარული ოკულტური შესაძლებლობების გამოვლენის საუკუნე."

სტატია დაყოფილია შვიდ ნაწილად. ერთ-ერთ თავს ჰქვია „ჯადოქრობის პოპულარიზება", რომელშიც ვკითხულობთ „ეს წიგნი ზოგადად ქრისტიანობის მიმართ ოკულტური ძალების სერიოზულ რევანშად შეიძლება ჩაითვალოს."

აქვე

„საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია, რომ ეს შელოცვები არ არის თარგმნილი და დახრილი შრიფტით მოეწოდება მკითხველს."

ავტორი ნაწარმოებს „ნაკმაზ შხამს" უწოდებს, რომლებიც ბავშვებს გასინჯვამდე აგემეს მშობლებმა.

სტატიაში ავტორი ციტირებს თანამედროვე მოძღვარსა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს (რომელსაც არ ასახელებს) „მიმაჩნია, რომ ჯოან როულინგის წიგნების გამოსვლა არამარტო უზნეობაა - არამედ ეს გენოციდს უახლოვდება. თავისუფალი გატაცება ჯადოქრობით, ოკულტიზმითა და ქრისტიანისათვის მიუღებელი გატაცებებით კარგს ვერაფერს მოგვიტანს. საუბედუროდ მე დამიგროვდა დიდი და სამწუხარო გამოცდილება იმ ბავშვებთან ურთიერთობისა, რომლებმაც გაუაზრებლად აიტაცეს ჰელოუნის აღნიშვნა. ასეთი დღესასწაულების შემდეგ ისინი იღებენ ფსიქოლოგიურ სტრესებს და ნევროლოგიურ სტაციონარებში ხვდებიან. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის განსაკუთრებულად ცხადია ამგვარი გატაცებების დამღუპველობა. ჩვენთან შემოდის „პოტერომანიის" ტალღა და იგი სრული უეჭველობით დიდ ზიანს მოუტანს მოზარდ თაობას. მანიას მოსდევს ახალი ფსიქოლოგიური მოშლილობები და ეს უბედურების მხოლოდ ნაწილია."

დასკვნაში კი ვკითხულობთ: „წიგნები ჰარი პოტერზე ტოტალური უსიყვარულობით და უნდობლობითაა გაჯერებული, აქ მთლიანად არის უგულვებელყოფილი ოჯახი, საზოგადოება და მტრული დაპირისპირებაა მასწავლებლებთან ანუ აქ ბავშვის სასიცოცხლო გარემო მთლიანად დეფორმირებულია."

გამახსენდა, როგორი სიყვარულით ვკითხულობდი ამ წიგნს, როგორ ვგულშემატკივრობდი სიკეთეებს, რომ ბოროტებაზე გაემარჯვათ. ნუთუ ეს არის ჩემი „ბავშვობის დეფორმირებულობა"?


საყვარელი ნაწარმოების ამგვარმა კრიტიკამ გადამაწყვეტინა მენახა საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადამეხედა მათთვის.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ნაწარმოების და კონკრეტულად „ჰარი პოტერის" კრიტიკაში უჩვეულო არაფერია, რომ დასავლურ ქვეყნებშიც ხშირად ვხვდებით მსგავს ნარატივს, თუმცა საქართველოს მსგავს ქვეყანაში მას ანტიდასავლური ელფერი ეძლევა.


ანტიდასავლური გზავნილები და კონსპირაციული თეორიები გვხვდება გაზეთ „ქვაკუთხედში", სადაც ერთი მხრივ, ეს გვესმის საეკლესიო პირებისაგან (სპირიდონ აბულაძე, მეუფე, დავით ისაკაძე, დეკანოზი), მეორე მხრივ კი თავად სტატიების ავტორებისგან. ხშირად გვხვდება არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის ციტირება, რომელიც მიიჩნევა ფუნდამენტალისტური მიდგომებით და რომელიც სრულიად უარყოფს კულტურისა და მეცნიერების განვითარებას და მას დემონიზაციის პროცესად მიიჩნევს.


განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით აპოკალიფსის და ანტიქრისტეს თემებს, რომლებიც პირდაპირ ებმის თანამედროვე ტექნოლოგიებს და მასთან დაკავშირებულ კოსნპირაციებს. სამეცნიერო მიღწევებს და ხშირად, მათი პირველწყარო რუსული მედიაა. ვხვდებით წარმართულ ისტორიებს ჰოპის ტომის ინდიელების ხილვასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, ციტირებას იოანეს გამოცხადებიდან, აპოკალიფსის მოახლოვების დასადასტურებლად. ბირმინგჰემისა და მანჩესტერის სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ უცნაურია, როდესაც მართლმადიდებლურ საეკლესიო გაზეთებში წარმართების ციტირება ხდება.ასევე გვხვდება ციტირებები ნ.ბოგოლუბოვის წიგნიდან "XX საუკუნის საიდუმლო საზოგადოებები", რომელიც ძირითადად კონსპირაციულ თეორიებზეა აგებული.
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian გამოქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც,რუსული ინტერნეტ-ტროლები დასავლური ცივილიზაციის იდეოლოგიურ გახლეჩვას ცდილობდნენ.გაირკვა,რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში და მიმდინარეობისას, ვაქცინების საწინააღმდეგო ტვიტების უკან რუსი ტროლები იდგნენ რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ, გამოიკვეთა, რომ ერთნაირი შინაარსის ინფორმაციის შემცველ პოსტებს სოციალურ ქსელებში ის მომხმარებლები ავრცელებდნენ, რომელთა ნაწილი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ნაციონალისტური და ანტიმიგრაციული განწყობის გაღვივებას ცდილობდა.

ვაქცინების შესახებ გაზეთ ქვაკუთხედის 2011 წლის ნომერში ვკითხულობთ: „აცრები, უდიდესი სიცრუე.. აცრებით არ გადარჩენილა არცერთი სიცოცხლე, პირიქით, აცრებია უამრავი დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი." აღსანიშნავია, სტატიის რუბრიკის სათაური, რომელიც სტატიას კოსნპირაციულ ხასიათს კიდევ უფრო მეტად აძლევს: „მზაკვართა გეგმების სამხილებლად." სტატიაში ციტირებულია ალფრედ რასელ უოლესის ფრაზა, სადაც ის მისი „თანამედროვე სამყაროს შეცდომად მოიხსენიებს ვაქცინებს." უოლესს ციტირებს ასევე რუსულ livejournal-ზე 2010 წლის 3 ივლისის პოსტში ავტორი სერგეი ვლასოვი.ეს ორი ტექსტი თითქმის იდენტურია და ერთი მხრივ, მის შემცველობაზე ამახვილებს ყურადღებას და მეორე მხრივ კი სამედიცინო ბიზნეს-ინტერესებზე. https://svlasov.livejournal.com/40433.html .

საგულისხმოა, რომ სტატიებში ციტირებული ფრაზა არის საუკუნეზე მეტი ხნის (უოლესი ვიქტორიანულ ინგლისში ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდა) და თანამედროვე სამეცნიერო წინსვლის ეპოქაში მასზე წარმოჩენა აზრს მოკლებულია. თუ გავითვალისწინებთ უკანასკნელ ცნობებს, მაგალითად, წითელას ვირუსთან დაკავშირებით, "ევროპის რეგიონული კონტროლის კომისია წითელასა და წითურას ელიმინაციისთვის" მონაცემების მიხედვით, ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან 43–მა შეაჩერა ეპიდემიის გავრცელება. საქართველო კი უკრაინასთან და სერბეთთან ერთად გავრცელების მაჩვენებლით პირველ შვიდეულში შედის, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ სამეცნიერო თემები მეცნიერების კვლევის საკითხია.




ბავშვობის საყვარელმა წიგნმა საინტერესო თემებამდე მიმიყვანა და ვფიქრობ, რომ მომავალშიც გავაგრძელებ მედიაში კონსპირაციული თეორიების თვალყურის დევნებას.


Copyright © 2018. "MythDetector" All Rights Reserved .
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website